close
შინაარსზე გადასვლა

თანამედროვე ხუთჭიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თანამედროვე ხუთჭიდი — სპორტის კომპლექსური სახეობა, რომელიც აერთიანებს ცხენოსნობას, ფარიკაობას, სროლას, ცურვასა და რბენას. ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შედის 1912 წლიდან (კაცები, 2000 წლიდან — ქალებიც). მსოფლიოს ჩემპიონატი ვაჟთა შორის იმართება 1949 წლიდან, ქალთა შორის — 1981 წლიდან.

წინამორბედ სპორტად ითვლება ძველბერძნული ხუთჭიდი (პენტათლონი), რომელიც მოიცავდა სირბილს, სიგრძეზე ხტომას, შუბისა და ბადროს ტყორცნას, ჭიდაობას (პირველი შეჯიბრება გაიმართა მე-18 ოლიმპიადაზე, ძვ.წ. 708). XIX საუკუნის მეორე ნახევარში თავდაპირველად შვედეთში, შემდეგ კი ევროპის სხვა ქვეყნებშიც ეწყობოდა შეჯიბრებები ე.წ. საოფიცრო ხუთჭიდში, რომლის შემადგენელი სპორტის სახეობებიც შეესაბამებოდა იმდროინდელ წარმოდგენას ოფიცრის მომზადების აუცილებელ კომპონენტებზე.

1912 წელს თანამედროვე ხუთჭიდი ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შეიტანეს პიერ დე კუბერტენის ინიციატივით, რომელსაც ის სრულყოფილი, იდეალური ათლეტისთვის აუცილებელი უნარ-თვისებების გამოცდის საუკეთესო საშუალებად მიაჩნდა. 1952 წლიდან ოლიმპიური შეჯიბრი ტარდება არა მხოლოდ პირადი პირველობის, არამედ გუნდური ასპარეზობის სახითაც. 1948 წლამდე თამაშებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ სპორტსმენ ოფიცრებს ჰქონდათ. 2000 წლიდან ოლიმპიადის პროგრამაშია ქალთა ინდივიდუალური შეჯიბრება.

სპორტის ამ სახეობას ამჟამინდელი სახელი ეწოდა 1948 წელს ლონდონში, როდესაც დაფუძნდა თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირი (Union Internationale de Pentathlon Moderne– UIPM). მისი შექმნის ინიციატორი და პირველი პრეზიდენტი იყო შვედი გ. დირსენი (1920 წლის ოლიმპიური ჩემპიონი). 1953-წლიდან ეწოდებოდა თანამედროვე ხუთჭიდისა და ბიათლონის საერთაშორისო კავშირი (Union Internationale de Pentathlon Moderne et Biathlon –UIPMB), 1998 წლიდან კი კვლავ — თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირი ეწოდება (ბიათლონის ფედერაცია ცალკე გამოიყო). აერთიანებს 102 ქვეყნის ფედერაციას.

საქართველოში თანამედროვე ხუთჭიდი 1950-იანი წლებიდან დაინერგა თბილისში. პირველ ხუთჭიდელთა შორის იყვნენ: რ. მანჯავიძე, ა. პევცოვი, ი. ახვლედიანი, ჯ. ზალდასტანიშვილი, ბ. ბაჟანოვი, ა. კრავჩენკო, გ. კალმახელიძე, ვ. როგავა. ქართველ ხუთჭიდელთა გუნდის უმაღლეს მიღწევად ითვლება სსრკ-ის ჩემპიონობა და მესამე საპრიზო ადგილი ევროპის თასის გათამაშებაში 1981 წელს, ცალკეული სპორტსმენებისთვის — ი. ბრიზგალოვის მიერ მოპოვებული ევროპის თასი 1985 წელს და რ. ლოხიშვილის მსოფლიო ჩემპიონობა ახალგაზრდებს შორის სსრკ ნაკრების შემადგენლობაში 1988 წელს. 80-იანი წლების ბოლოს განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწია მსოფლიოს ჩემპიონმა და თასის მფლობელმა, ოლიმპიური თამაშების პრიზიორმა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონმა ვახტანგ იაგორაშვილმა.

  • ზალდასტანიშვილი ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.  გვ. 467.